ოპოზიცია მეუფე იაკობის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
ქორეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პირადად მას ილია მეორის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.
მძიმე ბრალდებების გაჟღერებიდან უკვე 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა პროკურატურას მოკვლევა ამ დრომდე არ დაუწყია.
„ევროპული საქართველო“ მეუფე იაკობს საპარლამენტო ტრიბუნას სთავაზობს და ქორსეპისკოპოსს სკანდალური შეხვედრების დეტალების მოყოლას სთხოვს.
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მეუფემ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მძიმე დანაშაულში ამხილა და მისმა განცხადებებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
პატრიარქის წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებრივი შეთქმულების გარდა, ოპოზიციამ მეუფეს მონაყოლში კიდევ ერთი დანაშაული ამოიკითხა, კერძოდ კი - ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც კონსტიტუციით იკრძალება. იუსტიციის მინისტრი შესაძლო დანაშაულზე კომენტარს გაურბის და გიორგი გახარიას მსგავსად, ქორეპისკოპოსის მონათხრობს სისულელეს უწოდებს.
„ქართულ ოცნებაში“ ვერც გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავენ და არც ქორეპისკოპოსისთვის საპარლამენტო ტრიბუნის დათმობა მიაჩნიათ მიზანშეწონილად. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რომ განმარტებები სასულიერო პირმა სინოდის სხდომაზე უნდა გააკეთოს.
უცნობია, დაიწყებს თუ არა პროკურატურა მოკვლევას მეუფის სკანდალურ ბრალდებებზე. საგამოძიებო უწყებაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. უცნობია ისიც, დასთანხმდება თუ არა მეუფე იაკობი ოპოზიციის წინადადებას პარლამენტში მისვლის თაობაზე. სასულიერო პირი სატელეფონო ზარებს დღესაც არ პასუხობს.