მმართველი გუნდი დღეს 14:00 საათზე ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც ცნობილია დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნის გეგმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დაგვიანებულია."ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ანტიკრიზისული გეგმისა, საპენსიო ფონდიდან თანხის დაბრუნება უნდა იყოს.
"ნებისმიერი ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაში არის. ანუ, ეს არის გადასახადების შემცირება, ეს არის დაგროვებითი საპენსიო ფონდის გამოყენება და მოსახლეობისთვის დაბრუნება, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ასევე საგარეო დახმარების გამოყენება იმ კუთხით, რომ დახმარება გაეწიოს იმ ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი", - განაცხადა სერგი კაპანაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე კი, ბიუჯეტის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა პროექტებზე გათვალისწინებული ხარჯები უნდა შეამციროს.
"რას უპირებდა ამ ბიუჯეტს, სადაც არის უამრავი კორუფციული, უსარგებლო ხარჯი თუნდაც ზოგიერთი პროექტი, რომელიც არც თუ ისე ცუდი ყოფილიყო. მაგრამ მიუღებელია ამ უმძიმეს ვითარებაში. ახლა რა გამოდის, რომ მთავრობა უცხოეთში ფულს სესხულობს და ამ დახმარების 80-85% არის კრედიტები და შემდეგ ამ ფულით აპირებს ერთის მხრივ გარკვეული სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას და მეორე მხრივ აპირებს ბიუჯეტში დარჩენილი უსარგებლო ხარჯების დაფინანსებას", - ამბობს რომან გოცირიძე.