logo
ENG



ოპოზიცია მოსამართლეობის კანდიდატების სიას მხარს არ დაუჭერს

08 ნოე 201914:41
3 წუთის საკითხავი
 
s5mpx54gso8y571.png

მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი საკანონმდებლო ორგანოში დღეს სრულდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

"ამ პროცესმა აჩვენა უმძიმესი სურათი, რის გამოც უნდობლობა უნდა გამოეცხადოს ამ 20 ​კაციან სიას. შერჩეულია იუსტიციის საბჭოს მიერ არა საუკეთესო კანდიდატები კონკურსანტებიდან, არამედ მათი უმრავლესობა წარმოადგენს მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან ე.წ. კლანთან დაახლოებულ პირებს," - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატები, მანკიერი პროცესით იყვნენ ნომინირებული და მათ მხარი არ უნდა დაუჭირონ.

"კანდიდატებს, რომლებიც ნომინირებული იყვნენ ასეთი მანკიერი პროცესით, სადაც წინსწრებად კლანის ფილტრის გავლით მოხვდნენ ამ სკამზე და ამ კომიტეტში, ჩემი აზრით ჩვენ მხარი საერთოდ არ უნდა დავუჭიროთ," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მოსამართლეობის ბოლო კანდიდატი - გოჩა ჯეირანაშვილი დეპუტატების კითხვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პასუხობს.

ჯეირანაშვილის სახელი სხვადასხვა გახმაურებულ პროცესთან არის კავშირში. მათ შორისაა გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე. აღსანიშნავია ასევე, რომ მოსამართლეობის კანდიდატი 2002-იდან 2009 წლებამდე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა.

ამით მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში დასრულდება. ამის შემდეგ პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც კანონმდებლები მოსამართლეობის კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.


close დახურვა