logo
ENG



ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მომავალი კვირიდან განაახლებს

12 თებ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის შემდეგ, ოპოზიცია ალტერნატიულ დღის წესრიგზე გადავიდა.

მთავარი საკითხები, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები შეთანხმდნენ ქუჩის აქციების გამართვა და არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მომავალი კვირიდან დაიწყება.

„მომავალ კვირაში და შემდეგ კვირებშიც ჩვენ გვექნება საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ. გვექნება რაიონში გასვლები, მათ შორის ხალხთან შეხვედრები და საპროტესტო აქციები რაიონებში. ეს ყველაფერი მოამზადებს საფუძველს 4 აპრილის აქციისთვის, სადაც მოხდება ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სტრატეგიის გაჟღერება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ხალხის ძალა დაინახოს.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყველა საარჩევნო ოლქის მასშტაბით ჩვენ შევძლოთ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და შემდგომ უკვე სხვა ოლქებში ამ პრინციპის გაგრძელება. ეს პერიოდი საკმაოდ აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ ხელისუფლებას ვაჩვენოთ ხალხის ძალა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

სამომავლო გეგმებზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა მაშინაც, როდესაც გენპროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე დეპუტატების წინაშე წარდგება.

„იქნება რეგიონებში გასვლა, აქციები. ასევე, სირცხვილის კორიდორი მოეწყობა ასევე მაშინ, როდესაც პარლამენტში წარდგება ის უსახო პროკურორობის კანდიდატი. ჩვენ ვაპირებთ, წინააღმდეგობის ცეცხლი არ ჩაქრეს“, - განაცხადა გიორგი გუგავამ. 


close დახურვა