პარლამენტში საკონსტიტუციო განხილვები იწყება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ოპოზიციის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ის ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერს მხარს.
"ჩვენ მხარს დავუჭერთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის იმ გეგმას, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა. არ მივცემთ იმის საბაბს, რომ სხვადასხვა ხრიკით ეს პროექტი ჩავარდეს, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება; 20 ივნისის შემდეგი აქციის გამარჯვება და მთლიანად საზოგადოების გამარჯვება. არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროექტი, თუნდაც მაჟორიტარების ბუნტის სახით, ჩავარდეს,-"აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
გოცირიძის მოსაზრებას ეთანხმება "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანიც. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
"20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, საზოგადოებას და ოპოზიციას დათანხმებოდა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით და ეს ასახულიყო კონსტიტუციაშიც. ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები მივიღოთ,"- განმარტავს სერგო რატიანი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ვერსია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით არის სწორი და გამართული.
"მათ ღიად დააფიქსირეს, რომ მათი ვერსიის გარკვეული დეტალები იქნება თუ არა გათვალისწინებული, ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს ვერსიას. ეს ნიშნავს აღიარებას, რომ გვაქვს კარგი ვერსია და ამავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ არ აქვს საფუძველი ბლოკების მოთხოვნას მაშინ, როცა ვსაუბრობთ პარტიების განვითარებაზე. მით უმეტეს, წარსული გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამას პარტიებისთვის კარგი არაფერი მოუტანია,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საკონსტიტუციო განხილვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, დღეს, ასევე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ანტისაოკუპაციო პოლიტიკაც იქნება.