logo
ENG



ოპოზიცია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და პრემიერის გადადგომას ითხოვს

07 მარ 202112:27
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ, გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

მათივე თქმით, მომხდარის გამო, ღარიბაშვილმა და ჩუბინიძემ თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

"სახელმწიფოს უმაღლესი პირები დაკავებული არიან იმით, რომ დიდი ფეოდალის შვილის, მინი ფეოდალის დავალებებს ასრულებენ, ქუჩა-ქუჩა დასდევენ ჩვენს შვილებს და მათ ფიზიკურად უსწორდებიან. ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, ღარიბაშვილს დღეს დილით უნდა ჰქონდეს განცხადება დაწერილი გადადგომის შესახებ, ჩუბინიძესაც განცხადება უნდა ჰქონდეს დაწერილი და პროკურატურაში უნდა იყოს აღძრული საქმე. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ვართ კრიმინალური ხელისუფლების მმართველობის ქვეშ", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს ასევე ევროპული საქართველოს წევრი ლაშა დამენია:

"ეს იყო რა თქმა უნდა კატასტროფა, რომელსაც გამართლება არ აქვს. აუცილებელია, რომ დაკითხვა მოხდეს სამივე მონაწილე პირის, როგორც ბერა ივანიშვილის, ისე მოქმედი პრემიერმინისტრის და მოქმედი ყველა იმ ხელისუფლების წარმომადგენლის, ვინც ამ ჩანაწერში იღებდა მონაწილეობას", - აცხადებს დამენია.

პარტია ლელო-ში გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიმართ უნდობლობასა და საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ავტორიტეტული აქტორების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"ჩვენი კანონმდებლობით, აუცილებელია ამაზე ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ არ ვითხოვთ შოთაძის გამოძიებას, იმიტომ რომ ამ გამოძიებას არანაირი სანდოობა არ ექნება. ჩვენ ვითხოვთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ავტორიტეტული აქტორების ჩართვას. ვინაიდან პრემიერმინისტრს და ასევე ჩუბინიძეს თანამდებობრივი პოზიციებიდან გამომდინარე აქვთ ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტიც, რომ გამოძიებას შეუშალონ ხელის, მოწმეებზე ზემოქმედებით და სხვა მეთოდებით, აუცილებელია, რომ მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა