logo
ENG



ოპოზიციამ დავით ქაცარავას პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიანიჭა

24 თებ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

„პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელმა კომისიამ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა პოლიტიკური დევნის ობიექტად ცნო.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქაცარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, არარსებული დანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს.

„პოლიტიკური დევნის საკითხთა კომისიამ დავით ქაცარავა ცნო პოლიტიკური დევნის ობიექტად და არა მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდში, სადაც იგი ერთის მხრივ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, ხოლო მეორეს მხრივ, პირიქით, მას წაუყენებს ბრალი არარსებულ დანაშაულში“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. ის აცხადებს, რომ ქაცარავას სამართალდამცავი ორგანოები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაემუქრნენ.

„ცალსახაა, რომ დავით ქაცარავაც არის მსხვერპლი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, ყველა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის მიმართ გამოიყენოს სამართალდამცავი ორგანოები, მათ გასაჩუმებლად. დავით ქაცარავას პირდაპირ დაემუქრნენ იარაღის ჩადებით და საქმის შეკერვით, მათ შორის დაემუქრნენ მის ოჯახს, თუ ის არ შეწყვეტდა ანტისაოკუპაციო მოძრაობას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სხდომის შემდეგ კომენტარი თავად დავით ქაცარავამაც გააკეთა. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარა გასული წლის აგვისტოს შემდეგ ხორციელდება.

„5-წლიანი მუხლი მაქვს წაყენებული იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა ჩემზე და მე თავს ვიცავდი. ამას დაემატა ის მუქარებიც, რომელიც 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, ხორციელდება ჩემს მიმართ. ვგულისხმობ იარაღის ჩადების და ჩემი დაჭერის მუქარას, ოჯახის მიმართ მუქარას. ეს იყო ის არგუმენტები, რომელზეც რეაგირება მოახდინა კომისიამ“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.


close დახურვა