ოპოზიციის საერთო ბოიკოტის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. შესაბამისად, მისი თქმით, ხმაც სწორედ ამგვარ საკანონმდებლო ორგანოს მისცა.
პრეზიდეტმა არჩევნების მე-2 ტურში ხმა უკვე მისცა და აღნიშნა, რომ მისაღებია მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომლის დამტკიცებაც პარლამენტის გარეშე რთული წარმოსადგენია.
„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მე მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.
თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.