ფორმულას ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალიდან ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრების განრიგი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ მოთხოვნით უკვე რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იმას, რაც ოცნებამ მათ შესთავაზა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა შესთავაზა, რასაც ოპოზიცია არც განიხილავს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან აზრი დაკარგა.
პარტიების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ 13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი, დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა.