პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ სიტყვით მიმართა და მათ საერთო ოპოზიციური მიმართვა გააცნო. ხოშტარიას თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ 3 მოთხოვნა აქვს - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლება და საპატიმროებიდან ყველა პოლიტპატიმარის გამოშვება.
ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერ დაუპირისპირდება და მას მაინც მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის მმართველობას. ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. თავისუფალი ვერ იქნება ეს არჩევნები თუ მეორე მოთხოვნა არ შესრულდება - თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიების დაკომპლექტდეს სამართლიანად. ბოლოს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა იქნეს გამოშვებული", - განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, ივანიშვილს ოპოზიციის მოთხოვნების შესასრულებლად დრო საღამოს 20:00 საათამდე აქვს.