ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ. ავტოკოლონები მივლენ ცესკო-სთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამის შემდეგ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები 13:00 სააათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, აქციას გამართავენ და მსვლელობით ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიზნეს ცენტრისკენ გაემართებიან.
ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა და მათ ხმები მოჰპარა. ისინი ხმების გადათვლასა და საეჭვო ოქმების გაბათილებას ითხოვენ.
31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.
აქციები ხმების გადათვლის და საჩივრების დაკმაყოფილების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები მთელი კვირაა აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.
აღსანიშნავია, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების გაპროტესტების საფუძველზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი პერმანენტულ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.