logo
ENG



ოპოზიციის შეკრება ლეიბორისტული პარტიის ოფისში დასრულდა

26 ნოე 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
opare4usfdn7ypx.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გაგრძელდება პროტესტი მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს ხალხისთვის მიცემულ პირობას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო და უკან მოსაბრუნებელი გზა, რათა განმუხტოს შექმნილი დაძაბული ვითარება.

„მმართველ ძალას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. დღეს არის პროტესტი საჭირო, რომ მერე კიდევ უფრო დრამატული რაღაცები არ მოხდეს, რისი მაგალითებიც არსებობს. ამიტომაა საჭირო დროზე მოვიყვანოთ ეს სამარცხვინო ლიდერები გონზე. ამ კლოუნებში ხომ ბევრი უტიფარია, მაგრამ კობახიძე სულ ახერხებს ხოლმე, რომ დაწინაურდეს. რაც შეეხება თალაკვაძის მოწოდებას - დიალოგი და დისკუსია შეწყვიტეს მათ მაშინ, როცა დაპირება წაიღეს უკან. უნდა დაუბრუნდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის განხილვას - ეს იქნება ნაბიჯი განმუხტვისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლოს დაანონსდება მასშტაბური აქციის ზუსტი თარიღი.

„კვირის ბოლოს დაანონსდება მასშტაბური აქციის თარიღი, პარასკევს ან შაბათს. მანამდე, პარასკევს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ გამოსავლის სახით ჩიხური მდგომარეობიდან. ხუთშაბათს არის სხდომა და სხდომასთან დაკავშირებით პიკეტირების დეტალებს გაგაცნობთ მოგვიანებით. რაც შეეხება აქციებს, სხვა აქციები არის თვითორგანიზებადი და დაბოქლომების აქციები, ალბათ, გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პიკეტირება დამოკიდებულია იმაზე, როდის ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა. მათი ცნობებით, ხუთშაბათსაა დაგეგმილი შემდეგი სხდომა და ისინიც ამ დღეს დაიწყებენ პიკეტირებას.

 


close დახურვა