logo
ENG



ოპოზიციისა და ექსპერტების შეფასებები ანაკლიაზე: ამერიკელ ინვესტორებს დაუხურეს კარები

08 თებ 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტისას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივები კვლავ ერთ-ერთი მთავარი თემაა. "ოცნების" ლიდერები უკვე შტატებიდან აკეთებენ გზავნილებს, რომ პორტისთვის ახალ ინვესტორებს ეძებენ. თუმცა ამის არ სჯერათ ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში. მათი თქმით, ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პერსპექტივა დაუკარგა.

"სწორედ ამერიკელ ინვესტორებს დაუხურეს კარები. ზოგი საკითხის შესახებ საზოგადოებამ იცის, ზოგიც შესახებ კი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ისინი, რიგ შემთხვევებში, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არ ჩართულიყვნენ ამ პროცესში და თავიანთი თანხა არ დაებანდებინათ ანაკლიის პორტში. ახლა კი როგორი განცხადებების არ უნდა აკეთონ, ამას ვეღარ გამოასწორებენ. მთავარია ის, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება", - აცხადებს ფიქრია ჩიხლაძე. 

ექსპერტების შეფასებით კი, იმის ფონზე, რომ ხელისუფლებამ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პრობლემები შეუქმნა, ხელისუფლებას გაუჭირდება შესაბამისი ინვესტორის მოძებნა. 

"დახურულ კარს მიღმა დიდი ალბათობით თალაკვაძემ მიიღო სიგნალი, რომ აშშ სერიოზულად უყურებს ამ საკითხს და ამიტომ შეიცვალა პოზიცია. მთავარია, რომ ეს ყველაფერი გადაითარგმნოს საქმეში. სხვა შემთხვევაში, თუ ვინმეს ჰგონია, რომ აშშ თვალყურს არ მიადევნებს, ძალიან ცდება", - განმარტავს გიორგი რუხაძე. 

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ უმრავლესობაში. მმართველი გუნდის მტკიცებით, პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ის აუცილებლად უნდა აშენდეს. შესაბამისად, ოპოზიციის ბრალდებებს უმრავლესობაში არ იზიარებენ.

"ჩვენთვის ამ პროექტს აქვს არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ უსაფრთხოების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა. ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა და ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროექტი განხორციელდეს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და სასურველია ინსვეტორი იყოს ამერიკელი. 


close დახურვა