ოპოზიციონერი დეპუტატები ანა ბუჩუკური, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ.
როგორც აქუბარდიამ განაცხადა, მათ ღარიბაშვილთან კითხვები აქვთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
"პრემიერმინისტრს პასუხისმგებლობა აკისრია კონსტიტუციის წინაშე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყოს წინ წასული. ჩვენ ვიბარებთ მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმისთვის, რომ გასცეს კითხვებს პასუხები - თუ რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაში, რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში დაპირება ჰქონდა, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს; სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში გვესაუბრებოდა?.. მიგვაჩნია, რომ პრემიერი უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე და მოგვახსენოს, რატომ არ შესრულდა ყველა ის დაპირება, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას"- თქვა მან.