logo
ENG



ოპოზიციონერი ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან

16 დეკ 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
42e3xarpf3yrvxi.jpg

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები მორიგ შეხვედრას მართავენ, შეხვედრის მთავარი თემა სამომავლო გეგმებზე მსჯელობაა.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა „ფორმულასთან“ კომენტარი გააკეთეს.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც 16 დეკემბერს ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრას ეცნობოდნენ, მსჯელობის თემას გააცნობენ. ასევე ბაჩუკი ქარდავას თქმით, ოპოზიციის მხრიდან შეთავაზება უცვლელია.

„მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი შესთავაზა ხელისუფლებას რაც კი შეიძლებოდა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო პროპორციული სისტემა, ალტერნატივად ჩვენ შევთავაზეთ გერმანული მოდელი ახლა დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მოვისმენთ ოპოზიციის მხრიდან დელეგირებული ადამიანის მხრიდან მოლაპარაკების შედეგებს, თუ რაზე იყო გუშინ საუბარი, მთავარი ამოცანა ჩვენ ვიცით რა არის რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ქართველი ხალხის მიერ გამოხატული არჩევანი პირდაპირ პროპორციულად აისახოს პარლამენტის შემადგენლობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს ბონუსი მიიტაცოს ხელისუფლება და მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. იქნებიან გონიერები და მიიღებენ ხელისუფლების შემოთავაზებას - არა? ჩვენ რა თქმა უნდა არ დავტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რისი სურვილიც ძალიან აქვს ივანიშვილს და ასევე უარს არ ვიტყვით ქუჩის პროტესტზე, რომელიც  სულ უფრო და უფრო მწვავე იქნება. ბიძინა ივანიშვილს მაინც მოუწევს ამ დათმობებზე წასვლა, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა “,-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ოპოზიცია თავის შეთავაზებას არ ცვლის და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა დასთანხმდებიან შეთავაზებას თუ მოიფიქრებენ ახალ შეთავაზებას, ასევე ბობოხიძის განცხადებით ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმებზეც იმსჯელებს.

„გზავნილი ბუნებრივია არ იცვლება ჩვენ და ქართველი ხალხი ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, ოპოზიციის მხრიდან გამოსავლის გზა უკვე შეთავაზებულია ხელისუფლების მიმართ, ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მიიღებს ჩვენ შეთავაზებას თუ რაიმეს მოიფიქრებს, ოღონდ გონივრულთან ახლოს, მე მეეჭვება გონიერების ფარგლებში რაიმე სხვა გზა შესაძლებელი იყოს მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების გონიერებაზე, რომლის იმედიც მართალი გითხრათ არ მაქვს. ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვაქვს რათა დავგეგმოთ მიმდინარე და მომავალი კვირის საპროტესტო ღონისძიებები“,-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდეგი შეხვედრის თემას უმრავლესობის წევრებიც გამოეხმაურნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, პოზიციას არ ცვლიან და შეთავაზებას კვლავ ოპოზიციის მხრიდან ელოდებიან.  

„პარასკევს ჩვენ არ ვიცით რაზე ვიმსჯელებთ იმიტომ რომ გერმანულ მოდელზე ითქვა უარი, იმიტომ რომ არის ანტიკონსტიტუციური. ე.წ ავღანურ მოდელზე ითქვა უარი, რადგან ეს არის ავღანური მოდელი და ვერ გახდება ქართული მოდელი, ბევრი ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, ხოლო პარასკევს რაზე უნდა ვიმსჯელოთ ამაზე მიმდინარეობს შუამავლების აქტიური ჩართვით დისკუსიები“-განაცხადა თეა წულუკიანმა.


close დახურვა