logo
ENG



ოპოზიციონერი ლიდერების დევნასა და ჩემს დანიშვნას შორის კავშირი არ არსებობს - შოთაძე

17 თებ 202018:58
3 წუთის საკითხავი
 
eba6g6nck5sefj0.jpg

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაისვა, შოთაძის არჩევის შემდეგ, ოპოზიციის დევნის გააქტიურება და მის დანიშვნასთან ამის კავშირი იყო. შოთაძემ ამ ვარაუდს ალოგიკური უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პროცესებს შორის კავშირი არ არსებობს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ორი განსხვავებული მიმართულება. არანაირი კავშირი არჩევნებსა და იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, გენერალური პროკურორის არჩევის პროცესთან კავშირი არ არსებობს. პროცესის დაწყება განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ შალვა თადუმაძე აღარ არის გენერალური პროკურორი. კანონით არის დადგენილი, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ახალი გენ.პროკურორის შერჩევის პროცესი. ეს შეიძლება იყოს საარჩევნო წელიც, არასაარჩევნო წელიც, მაგრამ ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის არალოგიკური. შესაბამისად, ვინაიდან ეს კავშირი არ არსებობს, ვერც იმას ვიტყვით, რომ არის კავშირი ოპოზიცური ლიდერების თეორიულ დევნასთან“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

აღსანიშნავია, რომ სხდომის დაწყებამდე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ირაკლი შოთაძეს საარჩევნო პროკურორი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

 

 


close დახურვა