ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მარია კორინა მაჩადო, თითქმის ერთწლიანი ემიგრაციისა და ქვეყანაში დაბრუნების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. კვირას საღამოს, კარაკასისკენ მიმავალ გზაზე, მას ათიათასობით მხარდამჭერი შეეგება.
მაჩადომ ქვეყანაში შესვლა კოლუმბიის საზღვრიდან, სახმელეთო გზით შეძლო. იგი თავდაპირველად ლარას შტატის ეკლესიაში გამოჩნდა, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც მან დედაქალაქისკენ ავტომობილით გადაინაცვლა. მხარდამჭერთა სიმრავლის გამო 8-საათიანი მგზავრობისას კარაკასისკენ მიმავალი მაგისტრალი თითქმის პარალიზებული იყო.
„ეს ქვეყანა ყველას გაკვეთილს უტარებს. ყოველი ოჯახის გაერთიანებისთვის, თითოეული პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის და ვენესუელის თავისუფლებისთვის!“- განაცხადა მაჩადომ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
წყაროების ცნობით, მაჩადოს დაბრუნება აშშ-ის, პანამისა და კოლუმბიის მთავრობებთან იყო კოორდინირებული. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაჩადოს დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და ხაზი გაუსვა ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ მაჩადოს უსაფრთხო დაბრუნება აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე შერიგების მოლაპარაკებების შედეგია, რომლის ფარგლებშიც ასობით პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.
მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის მოთხოვნით აქტიური მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ამასთან, ესპანეთში მყოფმა ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა განაცხადა, რომ იგი უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.
