ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საერთო მაჟორიტარებზე თანხმდებიან, 30-მდე პარტიის მოლაპარაკებებს დღეს გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს პირველად მივიდა. რა ფორმით ჩაერთვება მარგველაშვილი თავად ამ ბრძოლაში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი მაჟორიტარობას არ აპირებს. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია, თუმცა ხედავს რისკებს, რომ „ქართული ოცნება“ დაპირებას ისევ არ შეასრულებს. ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საერთო სტრატეგია იყო, სადაც მთავარ საკითხად ისევ საერთო მაჟორიტარები რჩება. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ოპოზიცია საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების შემდეგ მიიღებს. პარტიები ახლა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან. დოკუმენტით პრეზიდენტს უკვე მიმართეს - აქ ოთხი კონკრეტული პირის - გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ბესიკ თამლიანისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ წერია. დაპირების შესრულების შემთხვევაში, მმართველი გუნდი საკანონმდებლო ორგანოში მარტო აღარ იქნება. კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის მისიის ოფისში გადაინაცვლა. იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც გუშინ, ხელისუფლებასთან შეხვედრას არ ესწრებოდნენ, მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს - ამ გზით მათ ოპოზიციური ერთობა, ამჯერად დოკუმენტურად გააფორმეს.