logo
ENG



ოპოზიციური პარტიები: მელიას დაპატიმრება პოლიტიკურ გარემოს კიდევ უფრო პოლარიზებულს გახდის

13 თებ 202110:27
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლების ამ ქმედებას პროვოკაციად აფასებენ.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სამართლებრივი დევნა ააშკარავებს, როგორი მეთოდებით ებრძვის მმართველი პარტია ოპონენტებს და რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 

„ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს  მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოება და შეასრულოს 2020 წლის რვა მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა,  ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ", - წერია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრარაობა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ქრისტიანკონსერვატული პარტოა, ახალი ქრისტიან დემოკრატები, სამართლიანობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, გირჩი-თავისუბლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები, სტრატეგია აღმაშენებელი, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, ემსახურე საქართველოს.

საუბარია ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა