logo
ENG



ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ

22 თებ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. უფრო კონკრეტულად, პარტიები შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებასთან საბრძოლველად, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატს დააყენებენ. ოპოზიცია არ აპირებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას პოლიტიკური დევნის პირობებში. ამავდროულად, ხელისუფლება ოპონენტებს ულტიმატუმს უწესებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ოლიგარქი არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, გვაქვს გეგმა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციურმა პარტიებმა მოვახდინოთ კოორდინაცია და გვყავდეს საერთო კანდიდატები. ძალიან მალე ყველა მნიშვნელოვან ოლქში გვექნება შეთანხმებები, რაც იმის გარანტიაა, რომ ამ სისტემის პირობებშიც კი ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს არ დათანხმდება. მისივე განცხადებით, ოპოზიციისთვის მისაღები მხოლოდ ისეთი ვარიანტი იქნება, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

„ვაჭარი ივანიშვილი ვაჭრობს ციფრებით, რაში ჩართვასაც ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან და ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია, რომელიც იღებს 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში და არ აქვს საზოგადოების უმრავლესობის ნდობა, ვერ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას და ვერ უნდა აკონტროლებდეს პარლამენტის უმრავლესობას. მისაღები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანებს სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


close დახურვა