ოცამდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას აფრთხილებს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირობას არ შეასრულებს და მაჟორიტარულ არჩევნებს არ გააუქმებს, პროცესები ქუჩაში გაგრძელდება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად ოპოზიცია დღეს სწორედ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად შეიკრიბა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2020 წელს პროპორციული არჩევნების პირობებში მარცხისთვის განწირულია და სწორედ ამიტომ ახლა ყველა შესაძლო მანიპულაციით საკუთარ დანაპირებზე უარს ამბობს. ეს კი „ქართულ ოცნებას“ მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება.
ხელისუფლებას აფრთხილებს მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების პროცესში მონაწილეობდნენ, გაუგებარია, რა შეიცვალა ქართული ოცნების გეგმებში.
არასამთავრობო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას ხელოვნურად ცდილობს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებს და პროცესები პარლამენტიდან მის გარეთ გადაინაცვლებს, განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლება იქნება.