არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიაში" აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მოზარდის დაკითხვის საქმეში იკვეთენა წამებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მუხლი საჭიროებს გადაკვალიფიცირებას, რადგან ახლა გამოძიება მიმდინარეობს ჩვენების მიცემის იძულების მუხლით, ხოლო რეალურად საქმე გვაქვს მოზარდის წამებასთან როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ტანჯვის მიყენებით.
„ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას, მაგრამ ეს მუხლი ითვალისწინებს 5-დან 9 წლამდე პატიმრობას. იკვეთება წამებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი გაეროს კონვენციის მიხედვით, ეს არის იძულება ჩვენების მიღებისთვის სულიერი და ფიზიკური ტანჯვის მიყენებით", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.