ორი უკრაინელი ბავშვისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სასამართლოს მიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 წლის ვოლოდიმირი და 10 წლის მიხაილო (სახელები შეცვლილია) უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ თავშესაფრის დატოვება მოუწიათ.
"პირველივე, რაც 10 წლის მიხაილომ გვითხრა, თუ რა სჭირდებოდა იყო - "საჭმელი, წამლები... საცხოვრებელი". რასაც მოაყოლა, რომ ძალიან უნდოდა სათამაშოები, ფეხბურთის ბურთი, ჩამონათვალში ძმაც აჰყვა - კალათბურთის ბურთი უნდოდა, პლანშეტი და სკუტერი და კიდევ მრავალი სათამაშო, რომელიც 9 და 10 წლის ბავშვებს უნდათ. შუა ლაპარაკისას ერთ-ერთი საკვები მაღაზიის სარეკლამო ბუკლეტები მოგვიტანეს და დაგვიტოვეს. ბავშვებმა თვალიერება დაიწყეს, ბავშვები ჩიფსებს, ძეხვებს თითებს ადებდნენ და თან დედას ეჩურჩულებოდნენ. დედა უხერხულად იღიმოდა. საუბრისას ასევე გაირკვა, რომ წინა სასტუმრო, სადაც განთავსებული იყვნენ დედა და ძმები, აეროპორტთან ახლოს მდებარეობდა, თვითმფრინავის ხმაზე ბავშვები შიშით კრთებოდნენ და შფოთვა ეწეოდათ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
2022 წლის პირველი აგვისტოდანვე PHR საქმეში ჩაერთო და სამ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.
ორგანიზაცია ითხოვს, ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილნი იყვნენ თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით.