"სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმების პერსპექტივები" - ამ საკითხებზე იწყებს ფორუმს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეფორმების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, ვინაიდან სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, მას "კლანი" მართავს და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური გავლენებით იღებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლო რეფორმის გასატარებლად აუცილებელია სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალოს.
ისინი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების სახით ორმაგი 2/3-ის წესს შესთავაზებენ.
ორმაგი 2/3-ის წევრი გულისხმობს შემდეგს:
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრია - 9 მოსამართლე და 6 არამოსამართლე წევრი. ახლა საბჭოში გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთმაგი 2/3-ით მიიღება - 15-დან 10 წევრი ყოველთვის აძლევს ხმას იმ წინადადებას, რაც "კლანისთვის" მისაღებია.
ორმაგი 2/3-ის შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გახდება მოსამართლე წევრების ხმების 2/3-ის და არაამოსამართლე წევრების ხმების 2/3-ის არსებობა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ და სხვა საკანონმდებლო წინადადებების დამუშავებამდე მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.
"აუცილებელია, საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესი შეიცვალოს და ე.წ ორმაგი 2/3-ის პრინციპი შემოვიდეს, რათა საბჭოს თითოეულ წევრს უფრო მაღალი ჩართულობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში". - თქვა გურამ იმნაძემ, რომელიც სოციალური თანასწორობის ცენტს წარმოადგენს.
"საბჭოს დაკომპლექტების ნაწილში უნდა შეიცვალოს როგორც მოსამართლე წევრების, ისე არამოსამართლე წევრების არჩევის წესი. ჩვენ, როგორც კოალიციას, ამაზე ბევრი გვაქვს ნამუშევარი. უნდა შეიცვალოს ის მიდგომა, რომ კონფერენციის დამსწრეთა 2/3 ირჩევს წარმომადგენელს. მოსამართლეთა მცირე ჯგუფებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენელი. უნდა შეიცვალოს პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატების დანიშვნის წესი". - ამბობს გვანცა წულუკიძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი.
კოალიცია თავის ხედვებს პოლიტიკურ ჯგუფებსაც გააცნობს.
დღევანდელ ფორუმზე მიწვეულები არიან მოსამართლეები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, თუმცა, ისინი კონფერენციაზე არ მისულან.
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლება დანიშვნების პროცესს არ აჩერებს.