logo
ENG



ორშაბათიდან მაუწყებლის მეორე არხზე ტელეგაკვეთილები დაიწყება - ოპოზიცია ხარვეზებზე საუბრობს

28 მარ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

მომავალი კვირიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში ტელეგაკვეთილები იწყება. გაკვეთილების ტრანსლირება ყველა კლასის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მოხდება. თუმცა ოპოზიცია პროცესის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, ასეთი ფორმით მიღებული ცოდნის შემოწმება და კონტროლი ვერ მოხერხდება. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მათ გაცილებით ადრე ჰქონდათ რეკომენდაციები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, მთავრობამ ახლა დაიწყო ამ მეთოდების გამოყენება რაც მათი შეფასებით კარგია, თუმცა გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ინტერნეტზე წვდომა ბევრ მოსწავლეს არ აქვს, 2 წლის წინ  დიდი რესურსი არსებობდა იმისთვის რომ ეს პროგრამა უფრო მაშტაბური გამხდარიყო, მაგრამ მთავრობამ ეს რესურსი არ გამოიყენა.

 „აუცილებელია ასევე გამოვიყენოთ ექსტერნის კანონი და კონკრეტულად გაწეროს ხელისუფლებამ, როგორ გამოიცდებიან ეს ბავშვები. შარშან 25 მილიონი იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ ინტერნეტიზაცია მომხდარიყო და ამ მიმართულებით წასულიყო საქმე. ონლაინ სწავლების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა ყოფილიყო გადადგმული და ეს რესურსი არ იყო გამოყენებული სათანადოდ და ეს პროგრამა ჩავარდა. ეს რესურსი ყოველთვის აუცილებელი არის, რადგან ავსებს იმ სხვაობას რომელიც გვაქვს ქალაქსა და სოფელს შორის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესი ხელისუფლებამ დააგვიანა მათი თქმით, ხელისუფლებას დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმა უნდა გამოეყენებინა.

„მოსწავლის შეფასების შესაძლებლობა ტელეგაკვეთილებით ვერ შემოწმდება, ის რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ განსაზღვრული გარკვეული შედეგები, რომლებიც მიღწეული უნდა იყოს ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ყოველ საგანში ეს ტელეგაკვეთილების საშუალებით ვერ შემოწმდება. ძალიან დაგვიანებულია ეს პროცესი, ბევრად ადრე იყო ეს პროცესი დასაწყები დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმით გამოყენებით “, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ტელეგაკვეთილები საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ორშაბათიდან დაიწყება. განათლების მინისტრი განმარტავს, რომ გაკვეთილები იქნება ყველა ასაკისა და კლასის  მოსწავლეებისათვის ყველა საგანში, მისივე თქმით, გაკვეთილები იქნება ეთნიკურად განსხვავბული წარმომადგენლების მოსწავლეებისთვის გაკვეთილები სხვადასხვა ენაზე იქნება.

„ეს არის გამიზნული ყველა მოსწავლეზე, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა წვდომა ინტერნეტთან. ყველა მოსწავლეს ჩაუტარდება ტელე-გაკვეთილები ყველა საგანში. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმა დისტანციური სწავლების, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ აბიტურიენტებისთვის ჩატარდება აბიტურიენტის საათი, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. პროექტი ითვალისწინებს მეცადინეობებს ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. შაბათ-კვირას კი შეთავაზებული იქნება საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


close დახურვა