logo
ENG



ოსური მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილი დე-ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა

28 დეკ 201919:46
3 წუთის საკითხავი
 
3dadpxrr8cfozj3.jpg

ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია დღეს ერგნეთთან მდებარე გადასასვლელი პუნქტის გავლით დატოვა. ქართველი ექიმისთვის, თავისი ოჯახის წევრების მსგავსად, გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა. პირველი ემოციური კომენტარი ვაჟა გაფრინდაშვილმა ჯერ კიდევ გორში გააკეთა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

50-დღიანი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებულ ექიმს მედია სახლთანაც ელოდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა სახლთან მიცემულ ინტეფვიუში პატიმრობის დეტალებზე ისევ არ ისაუბრა, ჟურნალისტებს  მადლობა გადაუხადა და დასვენება ითხოვა.

გათავისუფლებულ ექიმს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდნენ, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. მმართველი გუნდის თქმით, ექიმის თავისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგია. ოპოზიციის მტკიცებით კი, ექიმის შემთხვევამ კვლავ აჩვენა, რომ უკანონო ტყვეობისგან დაზღვეული ისევ არავინაა.

ცნობილი ექიმის გათავისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების  მიერ უკანონოდ  დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლების შესახებ დღეს საერთაშორისო მედიაც წერდა. საკუთარ ტვიტერის გვერდებზე კი ვაჟა გაფრინდაშვილს თავისუფლებას უცხოელი პოლიტიკოსები ულოცავდნენ, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივანი, ლიუტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და საზღვრის უკანონო კვეთისთვის გაასამართლეს. ქართველმა ექიმმა დანაშაული არ აღიარა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ე. წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა  ვაჟა გაფრინდაშვილმა არც შეწყალებისას აღიარა უკანონო ბრალდება. 


close დახურვა