logo
ENG



ოქრიაშვილი: ოპოზიციურ პარტიებს ვხვდები, რათა ჩემს ოლქში არ დამიყენონ კანდიდატი

22 აგვ 202018:23
3 წუთის საკითხავი
 
7lp7jxo3ab1jcg9.png

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც მმართველი პარტია დატოვა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, დიმიტრი შაშკინს შეხვდა. შეხვედრა გუშინ, 21 აგვისტოს შედგა. 

შეხვედრის ფოტოს Facebook მომხმარებელი "Fegan Hüseyn" ავრცელებს. 

ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. როგორც ოქრიაშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, ის ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა სხვა პარტიებმა მისსავე ოლქში კონკურენტი კანდიდატი არ დააყენონ. 

"ერთი კვირაა მე რამდენიმე პარტიის ხელმძღვანელებს ვხვდები. ჩემი წინადადება არის, რომ არ დამიყენონ კონკურენტი, რათა პირველივე ტურში შევძლო და დავამარცხო ოცნების კანდიდატი. მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, დამთანხმდებიან პარტიები, თუ არა", - ამბობს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არც ერთი ხელმომწერი საარჩევნო სუბიექტი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნის. 

"ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია. თუ ასეთი მემორანდუმი იქნება, მოვაწერთ ხელს", - აცხადებს ოქრიაშვილი "ფორმულასთან" საუბრისას. 

ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩებნებზე ქართულ ოცნებასმაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაუსახელებია. 

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოქრიაშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. მან 66,17%-იანი მხარდაჭერით დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატები. 

ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დეპუტატი იყო მმართველი პარტიის რიგებიდან. 


close დახურვა