logo
ENG



ოქროს ბურთი: გლამურული ჯილდო და მისი უცნაური მხარე

04 დეკ 202119:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/04/wyg6jsulag8cusl.jpg

ოქროს ბურთის ლაურეატს ყოველ წელს 180 ქვეყნიდან წარმოდგენილი ამდენივე ჟურნალისტი ავლენს. თითოეულ მათგანს ევალება მისი აზრით წლის ხუთი საუკეთესო მოთამაშე პრეფერენციის მიხედვით დაასახელოს.თითქოს ყველაფერი სამართლიანი და მარტივია, თუმცა, როგორც ყველა საფეხბურთო საკითხში, თანხმობა და კონსესუსი აქაც ძნელი მისაღწევია, შესაბამისად, ჟურნალისტთა გადაწყვეტილებები, ხშირად, ორიგინალური და ცოტა უცნაურიცაა.

 ბრაზიელმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ თავისი ხუთეულის მიღმა „მარაკანაზე” კოპა ამერიკის მომგები ლიონელ მესი დაეტოვებინა. იგივე გააკეთა მისმა იემენელმა კოლეგამ, რომელმაც მიიჩნია, რომ მოჰამედ სალაჰმა, კარიმე ბენზემამ, კრიშტიანუ რონალდუმ, რიად მაჰრეზმა და კილიან მბაპემ 2021 წელს უკეთესად იბურთავეს ვიდრე არგენტინელმა. თავის მხრივ, მესის თანამემამულე ჟურნალისტმა უკანასკნელი ორი სეზონის გმირი, რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ხუთ მოთამაშეს შორის მოხვედრის ღირსად არ ჩათვალა.

 როგორც აღმოჩნდა, კილიან მბაპეს უზბეკეთში თავგადაკლული ქომაგები ჰყოლია. უზბეკი ჟურნალისტის ბიულეტენში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პირველ ადგილზეა. არც ისე შთამბეჭდავი ევროპის ჩემპიონატის მიუხედავად, მბაპეს გაპირველებას, ასევე, კამერუნის წარმომადგენელიც ცდილობდა.

 საკმაოდ ორიგინალურ გადაწყვეტილებათა შორის შეგვიძლია ვახსენოთ თურქმენი ჟურნალისტის მოსაზრება სამეულში დაესახელებინა ინტერის ორი ლიდერი, ლაუტარო მარტინესი და ნიკოლო ბარელა. არ დაივიწყეს პრემიერ ლიგის წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე, რუბენ დიაში, რომლის ოქროს ბურთით ხელში ხილვა ნეპალელმა ჟურნალისტმა ისურვა.

 ასეა თუ ისე, საერთო შედეგმა ის აჩვენა, რასაც ყველა ელოდა. დაძაბული ბრძოლა გაიმართა მესისა და ლევანდოვსკის შორის. ოქროს ბურთი კი მიღებულ ხმებს შორის მცირე უპირატესობის გამო არგენტინელს დარჩა.

 


close დახურვა