logo
ENG



ოქრუაშვილი ამბობს, რომ 2011 წელს აშშ-ს საელჩოზე მისი განცხადება შეცდომა იყო

20 ოქტ 202023:24
3 წუთის საკითხავი
 
but3u527j5gpw63.jpg

გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა 2011 წელს, ამერიკის საელჩოზე მის მიერ გაკეთებული ნეგატიური განცხადება განმარტა და თქვა, რომ დღევანდელი კი არა, მაშინდელი გადასახედიდანაც, "ეს იყო შეცდომა". საქმე ეხება განცხადებას, რა დროსაც ოქრუაშვილმა თქვა, რომ აშშ-ს საელჩო "ასამარებს საქართველოში დემოკრატიას".

ფორმულას ეთერში, გადაცემაში "საქართველო ირჩევს" საუბრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იმ პერიოდში მის ოჯახსა და პარტიაზე "წნეხი იყო", რის გამოც "წითელი ხაზები გადაკვეთა". 

"როდესაც გებრძვიან აკრძალული წესებით და იმავდროულად შენგან მოითხოვენ ცივილიზებული ბრძოლის წესებით ბრძოლას, შეუძლებელია თავი დაიცვა. 

მე წლების განმავლობაში მიწევდა აკრძალული წესებით ბრძოლა და შესაბამისად დრო და დრო მიწევდა წითელი ხაზების გადაკვეთა. დღევანდელი კი არა, მაშინდელი გადასახედიდანაც ეს განცხადება შეცდომა იყო და მე მიმაჩნია, რომ არასწორი იყო. მაგრამ, მხოლოდ ერთი "მაგრამ" - არ დაგავიწყდეთ რა წნეხს გადიოდა ჩემის საახლობლო, პოლიტიკური გუნდის წევრები, რომელთაც იჭერდნენ, საშინელ მდგომარეობაში აგდებდნენ და არავინ გვაქცევდა ყურადღებას", - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

2011 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით, ამერიკის ადმინისტრაცია "ასამარებს" დემოკრატიას საქართველოში. 

"ჩვენ უნდა მივიდეთ სათავესთან და გადავკეტოთ ონკანი. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოსთან, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. ჩვენ ვაპირებთ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ისინი ამ რეჟიმისადმი მხარდაჭერით ასამარებენ საქართველოში დემოკრატიას. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას. ვერასოდეს ტერიტორიებს ვერ გამოვიყენებთ შესაბამისად, თუ არ გვექნება თავისუფლება", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 2011 წლის ინტერვიუში. 


close დახურვა