ქართული ოცნება კარტებს ხსნის - ბიძინა ივანიშვილის გუნდი აღიარებს, რომ პროპორციული სისტემა კრიზისიდან დროებითი გამოსავალი იყო და ახლა 100/50 - ზე საარჩევნო მოდელის სამუდამოდ შემოღებას გეგმავს. პირველად ასე ღიად და სწორედ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ მმართველი გუნდი ამბობს, რომ პროპორციული სისტემის მიღებას ოპოზიციამ შეუშალა ხელი, რაც ერთი მხრივ ადასტურებს მაჟორიტარების ფსევდო ამბოხს. მეორე მხრივ კი ოცნება აპირებს შეთავაზებული მოდელი - 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის შესახებ, კონსტიტუციაში ისე გაწეროს, რომ ამოიღოს დათქმა - 2020 წლის შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე. ოპოზიციის პასუხი ერთიანი და ერთია, - ხელისუფლების ხრიკებს ოპონენტები მასშტაბურ აქციებს უპირისპირებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს , რომ მასშტაბური პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება მხოლოდ იმიტომ გასცა, რომ პოლიტიკური კრიზისი განმუხტულიყო. დღეს არჩილ თალაკვაძეს არც ის დაუმალავს, რომ გუნდში გადაწყვეტილება მიღებულია და საზოგადოება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უნდა დაემშვიდობოს.
„ოცნების“ გუნდის პოზიცია მიუღებელია ოპოზიცისთვის . ისინი ვინც მმართველ გუნდთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან ამბობენ, რომ 100-50-ზე სისტემას არ დათანხმდებიან და ეს მმართველმა გუნდმაც იცის .
ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლობის და სხვა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.ოპოზიცია ამ ეტაპზე აშშ-ის ახალი ელჩის კელი დეგნანის გზავნილებს ელოდება .
მოლაპარაკებების ჯერჯერობით ბოლო, მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართა, როდესაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ, მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით.