ოპოზიციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ანგარიში კიდევ ერთხელ ამტკიცებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანამშრომლობას ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალებთან.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მთავრობა რუსულ თამაშს თამაშობს და სინამდვილეს სწორედ ის კვლევები ასახავს, რომლებშიც „ქართული ოცნების“ კრემლისტურ სააგენტოებთან თანამშრომლობაზეა საუბარი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დადიან კონფერენციებზე და ამბობენ, რომ შეშფოთებულები ვართ რუსული პროპაგანდით - სინამდვილეში რაც ხდება, ეს კვლევები აჩვენებს. ოცნება და სამთავრობო სტრუქტურები პირდაპირ ერთ თამაშს თამაშობენ რუსულ პროპაგანდასთან", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებენ - როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ოცნების ხელისუფლება პრორუსულ პროპაგანდაზე ხარჯავს ქართველი ხალხის ფულს.
„ოცნების ხელისუფლება ბიუჯეტის რესურსს ამუშავებს და ხარჯავს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მათ შორის ცუდ და სიძულვილის ენის შემცველ შავ პიარზე ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს არის ხელისუფლების მთელი ამ წლების მუშაობა და რიტორიკა - აწარმოოს და შექმნას ანტიდასავლური პროპაგანდის მანქანები", - განმარტავს ხატია დეკანოიძე.
პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ კი ამბობენ, რომ მთავრობას ხალხისთვის ასახსნელი და სათქმელი აღარაფერი დარჩა, ამიტომაც მიმართავს ყალბი ამბების ტირაჟირებას სოციალურ ქსელებში.
„დიდი ხანია რაც ამ ხელისუფლებას სათქმელი აღარ აქვს - ისღა დარჩენია, ყალბი ანგარიშებით აწარმოოს ხალხის მოტყუების აპრობირებული პროცესი, ოცნება ისეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზეც კი მიდის, როგორიც არის პრორუსული, კრემლისტური მედიაერთეულების გამოყენება", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" გამოაქვეყნა ანგარიში კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტის" მიერ „ფეისბუქის" ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციების შესახებ. საუბარია 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილზე, რომელიც უკვე წაშლილია.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ნიუს-ფრონტის" გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული ანგარიშები ახლო წარსულში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის" სასარგებლოდ.