logo
ENG



ოცნება განწირულია, ამიტომ ჯობს არჩევნების თარიღით მანიპულირებას შეეშვან - გოცირიძე

15 ივნ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ მართველი გუნდი კორონავირუსით ინფიცირებულთა გაზრდილ რიცხვს ოქტომბრის არჩევნების გადასადებად გამოიყენებს. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს შესაძლოა დიდი ცვლილებები მოჰყვეს და სწორედ ამიტომ, ცდილობს დრო მოიგოს და საარჩევნო კამპანია უკეთ დაგეგმოს.

„დაიწყებენ მანიპულირებას არჩევნების თარიღით იმის მიხედვით, თუ როდის ექნებათ მათ მაღალი რეიტინგი. თუ აწყობთ ოქტომბერში ჩაატარებენ, თუ არა და გამოიყენებენ მიზეზად პანდემიას და გადადებენ სხვა რიცხვისთვის. მათ არასდროს ექნებათ ის რეიტინგი, რასაც ელოდებიან, „ქართული ოცნება“ არის განწირული, ამიტომ შეეშვან არჩევნების თარიღით მანიპულირებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი ხელისუფლებას სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ოცნებას“ არჩევნების მოგების შანსი არც თარიღის გადაწევის შემთხვევაში ექნება.

„მთავრობას ვურჩევდი, რომ მოეშვას სპეკულაციას და ჩაატაროს არჩევნები მაშინ, როდესაც ის არის ჩასატარებელი, რადგან არ მოეხმარება არჩევნების გადადგება. როდისაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის დასრულდება ისე როგორც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ნამდვილად გაისტუმრეს „ქართლი ოცნების“ ხელისუფლებას ოპოზიციაში და ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის სათადარიგო გეგმას ამზადებს.

„სათადარიგო ვარიანტს ამზადებენ სავარაუდოდ თავისთვის, რომ თუ იქ იქნება ცუდი მონაცემები, რომლისთვისაც შეიძლება შემდგომში დასჭირდეთ გარკვეული ცვლილებების შეტანა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, როგორც კი მიიღებენ ამ შედეგებს, მერე შეიძლება, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებები მიიღონ. რაც უფრო გვიან ჩატარდება არჩევნები მით უფრო არასახარბიელო იქნება ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


close დახურვა