logo
ENG



ოცნება უნდა ვაიძულოთ, შეთანხმება შეასრულოს - ოპოზიცია კვლავ კონსულტაციებს იწყებს

13 მაი 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცური პარტიები კონსულტაციებს ანახლებენ. შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 14:00 საათზეა დანიშნული. ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ გუნდთან 8 მარტს  მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ.

„ბუნებრივია, ოპოზიციის მაგიდის გარშემო საუბარი იქნება ზუსტად იმაზე, როგორ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლება ჩაშალოს ეს შეთანხმება და როგორ მოხდეს ამ შეთანხმების შესრულებით ისე მისვლა არჩევნებამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას ქვეყანას და მის იმიჯს საზღვარგარეთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასეთივე პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას. მისი თქმით, დღეს შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებასაც შეიმუშავებენ და საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.

„დიდი ალბათობით დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია მიიღებს ერთობლივ განცხადებას. აქამდე პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდებოდა, რომ შეუძლებელია მხარი დავუჭიროთ საარჩევნო ცვლილებებს, თუ ბიძინა ივანიშვილი არ შეასრულებს შეთანხმებას. ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. ამას ადასტურებენ მათ შორის საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებებში, ისევე როგორც საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი სენატში, რიში, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოზიციას, ის ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ დასავლეთის მხარდაჭერით მმართველ გუნდს შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულება აიძულოს.

„ჩემი და ჩემი გუნდის პოზიცია უცვლელია. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩვენ დღეს შევიკრიბებით და ყველა ოპოზიციური პარტია დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პოზიციას. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა ოპოზიციური პოზიციის ერთიანობაში არ არის. ასევე, ჩვენ ერთობლივ განცხადებაზე ვიმუშავებთ, რომელსაც გავავრცელებთ ამ შეხვედრის შემდეგ. მთავარი საკითხია, რომ სრული მხარდაჭერა გვაქვს დასავლეთისგან და ამ მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად უდნა გავიდეთ შედეგზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დაწესდა, ოპოზიციური პარტიები ამ ფორმატის ფარგლებში პირველად იკრიბებიან. 


close დახურვა