„ესენი არიან მმართველები, რომლებმაც დაკარგეს გეოპოლიტიკური ვექტორი", - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე.
როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ რეაქცია დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე არის საშიში და ისინი ქვეყანას რუსეთისაკენ მიაქანებენ.
„ჩემი პოზიცია იყო შემდეგი - როცა ვნახე რეალობა, რომელიც დადგა ამ ტყუილის შემდეგ, რა რეაქციაც ჰქონდა პარტნიორებს და „ქართული ოცნების“ რეაქცია მათ რეაქციაზე - შემეშინდა. ესენი არიან მმართველები, რომლებმაც დაკარგეს გეოპოლიტიკური ვექტორი - იმდენად უხარისხოები არიან, რომ შეუძლიათ ანაკლიაც ჩააგდონ, გეოპოლიტიკური პროექტები ჩააგდონ და იმდენად არ იციან, რას აკეთებენ, რომ განა კონსპირაციით, მაგრამ უცებ თავს ამოყოფენ რუსეთის გუბერნიაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.