logo
ENG



ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი დაანიცირა - ვის შეეხება

11 ივლ 202415:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/894smrahuae0192.jpg

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 11 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი ბრიფინგზე გახდა.

მისი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს ამნისტიის შესახებ, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება.

დღეს მინდა, საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დააინიცირა დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და იმავდროულად:

  • აზღვევს რეციდივის რისკებს; 
  • ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; 
  • შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; 
  • თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან;  
  • ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს", - თქვა იონათამიშვილმა. 

იონათამიშვილის თქმით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

იონათამიშვილის თანახმად, პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: 

  • პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; 
  • სასჯელის 1/2-ით შემცირება; 
  • სასჯელის 1/4-ით შემცირება; 
  • სასჯელის 1/6-ით შემცირება;  
  • პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

"აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს", - ამბობს ოცნების დეპუტატი. 

ცნობილი ხდება, რომ ამნისტია არ შეეხება: 

  • მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; 
  • ნარკორეალიზატორებს; 
  • სქესობრივ დანაშაულებს; 
  • ყაჩაღობას; 
  • ტერორიზმს; 
  • კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს;
  • ქურდულ სამყაროს;
  • კონვენციურ დანაშაულებს; 
  • ტრეფიკინგს სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

გარდა ამისა, იონათამიშვილი თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება, დაახლოებით, 7 000 პირს. 

დეპუტატმა კანონის მიღების ვადებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. 

"აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ, - ამბობს იონათამიშვილი. 

 

close დახურვა