logo
ENG



ოცნებამ რუსეთთან დამაკავშირებელ გზების მშენებლობებში ერთ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა - აიფაქტი

12 თებ 202018:04
3 წუთის საკითხავი
clock 386
avoq5sqd0hmeunv.jpg

„ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან დამაკავშირებელ გზების მშენებლობებში დაახლოებით ერთ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტმა“ გზების პროექტის პრეზენტაცია გამართა.  მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ რუსეთის საზღვართან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაიწყო, გზების მშენებლობა დაიწყეს პუტინმა და კადიროვმაც. 

პროექტის ავტორები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, თუ რა საშიშროების წინაშეც შეიძლება დადგეს ქვეყანა ამ დამაკავშირებელი გზებით რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში. როგორც ისინი ამბობენ, გაურკვეველია ისიც, თუ რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს აღნიშნულმა გზამ საქართველოს. 

„მთავრობა ამ გზების მშენებლობით გვიჩვენებს რომ პრიორიტეტულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულება და მათ უნდათ, რომ მეტი აქცენტი ამ დერეფანზე გაკეთდეს, ვიდრე აღმოსავლეთისა და დასავლეთისაზე. მივმართეთ თავდაცვის სამინისტროსაც, იყვნენ თუ არა გზების მშენებლობაში ჩართულები, რაზეც სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის. ეს კი აჩენს შიშებს, თუკი ეს გზები გამოყენებული იქნება შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორ აპირებს ქვეყანა თავის დაცვას. ასევე, საგზაო დეპარტამენტს არ მოუცია დასაბუთება, რატომ არის ეს გზები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი", - აცხადებს პროექტის ავტორი, ნინო ბაქრაძე.

უსაფრთხოების საკითხში ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეკონომიკური და თავდაცვითი ანალიზის შემდეგ უნდა განისაზღვროს, რამდენად მიზანშეწონილია გზების მშენებლობა.

„საკითხს აქვს ორი კომპონენტი - ეკონომიკური და უსაფრთხოების. სამხედროდან რომ დავიწყოთ, მარტივი პრინციპი მოქმედებს - თუ არსებობს მტერი, ოკუპანტი ქვეყანა, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ არ გავუმარტივოთ ქვეყანაში შემოსვლის გზები. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა გარემოება უსაფრთხოების კუთხით და აწონ-დაწონვის შემდეგ გადავწყვიტოთ, ავუნთოთ ამ გზებს მწვანე შუქი თუ წითელი შუქი", - აცხადებს ლაშა ძებისაშვილი.


close დახურვა