ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირის და პარტიის აქტიური შემომწირველის, ბიზნესმენ ზურაბ ჩხიტუნიძის სამშენებლო კომპანია "რუმსმა" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების საპირისპიროდ, სოფლის პოლიციის შენობა დაუსრულებელი დატოვა და ამისთვის მხოლოდ 1 500 ლარით დაჯარიმდა.
დაუსრულებელ შენობაში უკვე 1 წელია პოლიციის განყოფილება უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა მშენებლობა თითქმის საწყის ეტაპზეა მიტოვებული. პოლიციის განყოფილების შენობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიონი ლარია დახარჯული. ხელშეკრულების მიხედვით, შენობა 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
"აქ ყველა ტენდერი ფორმალობაა. ხელშეკრულებებს მხოლოდ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებთან დებენ. სწორედ ამიტომ არის, რომ აქ დაწყებული ყველა მშენებლობა, თითქმის ყოველთვის, დაუსრულებელია", - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, მელიქ რასიანი ფორმულასთან.
ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩხიტუნიძის კომპანია, შავ სიაში შეყვანის ნაცვლად, 1 500 ლარით დაჯარიმდა და თბილისის 74-ე სკოლის რეაბილიტაცია დაევალა. კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც შუა გზაში შეწყვიტა.