logo
ENG



ოცნებიდან წასულებმა ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს

29 ივნ 202215:39
3 წუთის საკითხავი
clock 2320
2022/06/29/yw1wrietcsidtcb.jpg

ქართული ოცნებიდან წასულებმა - დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს. მათი განცხადება პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ისინი ე.წ. ბაკურიანის სცენარზე საუბრობენ, რომელზეც აქამდეც არაერთი ბრიფინგი გაუმართავს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და არაერთხელ უსაუბრია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

"არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე.

ამისათვის შედგა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი", - წერენ ისინი.

მათი თქმით, "ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც".

"ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო", - ამბობენ წასული დეპუტატები.

მათი განცხადებით, "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს, ამ საქმეში კი თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც "ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს".

"პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო.

"ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა.
ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

ნაცმოძრაობის რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს.

ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თეორიით, რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი.

"მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.

მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა", - წერენ ისინი.

დეპუტატები ევროპარლამენტარ მიხაელ გალერზეც წერენ, რომელსაც, მათივე სიტყვებით, "ათქმევინეს კიდეც, რომ პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონ".

"იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცადებაში ისინი საუბრობენ ზელენსკისა და არახამიაზეც:

"უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.

ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები".

ისინი საუბრობენ მოლდოვაზეც:

"ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს".

დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს სტატუსს არც 6 თვის შემდეგ მიანიჭებენ, თუ ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა:

"როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ".

მათი თქმით, "საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება".

"რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცეებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ", - წერენ დეპუტატები.


close დახურვა