პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა დღეს აღარ გაგრძელდება.
გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ მიიღო.
მანამდე, უმრალვესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიის წარმომადგენლებს სთხოვდა, ჩამოეხსნათ პლენარულ სხდომათა დარბაზში გადმოფენილი საპროტესტო ბანერები, რომ სხდომა გაგრძელებულიყო, თუმცა მედიამ ბანერის ჩამოხსნაზე უარი თქვა.
ცოტა ხნის შემდეგ სხდომის დასრულების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გააკეთა. მან თქვა, რომ მიზეზი ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოხატული პროტესტია.
"რაც დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში მიზანმიმართულად იყო დაორგანოზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მოვისმინე განცხადებებიც, რომ მათი მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები.
მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლებაც ჰქონდათ, თუმცა სამწხუროდ, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავრბუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერტადერთი ვალდებულებაა გაშუქდეს სესიის სხდომას.
დაყანებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში სხდომის გაგრძელება არ ემსახურება მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ. ამიტომ, დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად. საკითხზე ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე", - განაცხადა კახა კუჭავამ.
ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.