logo
ENG



ოცნების ყოფილი თანაგუნდელები საარჩევნო სიაზე:თუ ლოგიკას მივყვებით, გახარია ალბათ არ იქნება

10 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის ყოფილ თანაგუნდელებს, 20 ივნისის დარბევის შემდეგ, სიის სათავეში გიორგი გახარიას ყოფნა შეუძლებლად მიაჩნიათ. მათი თქმით, პრემიერმა რეალურად არც იცის იქნება თუ არა "ოცნების" სიაში, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილია.

"იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია. თუ ლოგიკას მივყვებით, ალბათ არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, როგორც წესი არ შეიძლება მმართველი პარტიის სათავეში იყოს პრემიერი, რომელიც იყო შსს-ს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, ისე როგორც მოხდა. მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. რთული წარმოსადგენია, ვინ უნდა ჩაუდგეს ამ სიას სათავეში. მეგობრებმა ჩამოაყალიბეს რაღაც გაურკვეველი დაჯგუფება, რომელიც ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის. ამ ლოგიკას თუ გაყვება "ოცნება", მივიღებთ იგივეს",-აცხადებს ეკა ბესელია.

პრემიერის ყოფილი თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო სიაში გარკვეული ფორმებით "ოცნების" ყველა გავლენიანი პირი იქნება ჩართული. თუმცა წინასწარი პროგნოზირებისგან თავს იკავებენ. მათ შორის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მისი მხრიდან ამ თემაზე მსჯელობა არასწორია.

"ჩემი მხრიდან აღარ იქნება სწორი იმაზე საუბარი, "ქართული ოცნება" რა შიდა პროცესს გაივლის იმისთვის, რომ საარჩევნო სია ჩამოაყალიბოს. ვფიქრობ, რომ გუნდის შიგნით ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და გავლენიანი პირი სხვადასხვა დოზითა თუ ფორმით ჩართული იქნება. მაგრამ ჩემი მხრიდან წინასწარ დეტალებზე საუბარი, ბუნებრივია, სწორი არ იქნება",- აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.


close დახურვა