იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უშუალოდ ჟურნალისტების წინააღმდეგი არავინ არ ყოფილა. მისი განცხადებით, მან შესვენების შემდეგ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ სხდომას დასწრებოდნენ და გაეშუქებინათ პროცესი.
„არანაირი მიზანი არავის არ ჰქონდა ჟურნალისტებთან მიმართებაში. არანაირი პირობა არ მქონდა, რომ ვინმესთვის მიმეთითებინა. ტექნიკური შესვენება გამოცხადდა ვესაუბრებოდი კოლეგას. მოვუწოდე ყველას, რომ ჟურნალისტები წარმოდგენილი ყოფილიყვნენ კომიტეტზე, დასწრებოდით სხდომას და გაგეშუქებინათ ყველაფერი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მედიის წარმომადგენლები კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. თუმცა შესვენების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს კომიტეტზე შესვლის უფლება მისცა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარდგენილი 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 მათგანს გაუწია, კენჭისყრა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე წარიმართა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და პროცესი ბოლომდე მიიყვანა.