ანრი ოხანაშვილი პარტიების დაფინანსების ცვლილების შესახებ განხილვებისას აკაკი მინაშვილს პასუხობს და ურჩევს, გააგრძელოს ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა.
ოხანაშვილის თქმით, პარტიების დაფინანსების საკითხზე ქართული ოცნებისა და მისი მოქმედი თავმჯდომარის შეხედულებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს და არ განიხილება პარტიების დაფინანსების შეწყვეტა ბოიკოტის გამო.
„კარგია, ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ეს კარგია. ბატონმა ირაკლიმ როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოხვიდოდით, შეგისრულათ და შემოხვედით, ასე შეისრულეთ მისივე ციტატით თქვენთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ - დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწყდება! ირაკლი კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. გააგრძელეთ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა - უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
აკაკი მინაშვილმა პარტიათა დაფინანსების ცვლილების შესახებ კანონპროექტის მოსმენისას მის ავტორს, ანრი ოხანაშვილს, შემდეგი კითხვა დაუსვა:
„ქართული ოცნება გამორჩეულია არათანმიმდევრულობით. თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკის გამსაზღვრელი ადამიანი, ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის ავტორობით შექმნილ წიგნში "პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი" წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, ანუ როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს. მომხსენებელი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილია.
ოცნების ინიციატივას კრიტიკა მოყვა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი კანონპროექტს "სადამსჯელო ღონისძიებას" უწოდებენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წინააღმდეგ.
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდებს.
"მსგავსი ინიციატივები განიხილება შემოთავაზებულ კანონპროექტში პარლამენტის რეგლამენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, თუ ისინი არ დაესწრებიან სხდომების უმეტესობას საპატიო მიზეზის გარეშე. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა". - ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.