logo
ENG



ოხანაშვილი ხოშტარიაზე: ხან ნაგვის მანქანაზე დაკიდებული გარბოდა, ხან ძირს წვებოდა

06 აგვ 202018:01
3 წუთის საკითხავი
 
ოხანაშვილი ხოშტარიაზე: ხან ნაგვის მანქანაზე დაკიდებული გარბოდა, ხან ძირს წვებოდა

მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ყოველთვის საბაბს ეძებს, რათა ქვეყანაში არეულობა მოაწყოს.

მისი თქმით, რეალურად ოპოზიციას არასდროს უნდოდა, ქვეყანა მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო.

"ამ პოლიტიკურ ჯგუფებს არც არასდროს ჰქონია სურვილი, რომ ქვეყანა მაჟორიტარული სისტემიდან პოლიტიკურზე გადასულიყო, ეს იყო უბრალოდ საბაბი, რომ როგორმე დესტრუქციული ქმედებები განეხორციელებინათ, ეს იყო საბაბი იმისთვის, რომ პარლამენტში შეჭრილიყვნენ, საბაბი პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევის და მათზე ძალადობის. კარგად უნდა დავიმახსოვროთ და გავაანალიზოთ - მათ იციან, რომ არ აქვთ შანსი, დემოკრატიული წესით რაიმე ფორმით ოდესმე მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს ძალიან კარგად იციან და ვინაიდან ეს იციან, მათ სჭირდებათ ყოველთვის საბაბი, რომ რაღაცის გამო ატეხონ და შექმნან პანიკა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან ოპოზიციაზე საუბრისას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გამოყო და თქვა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის პოლიტიკურად "მასხარაობდა".

"ისინი საუბრობდნენ, რომ ვითომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურდათ და ამის გამო მასკარადებს აწყობდნენ დაწყებული ხოშტარიადან და გაგრძელებული ნადირაშვილით და სხვებით. მათ პოლიტიკურად უკადრებელი იკადრეს, ხან ნაგვის მანქანაზე დაკიდებული გარბოდა ხოშტარია, ხან ძირს წვებოდა და მთელი ეს პერიოდი პოლიტიკურად მასხარაობდა. ეს იყო სცენები, შოუს ელემენტებით, სადაც ისინი ვითომ რამე სერიოზულს ითხოვდნენ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მხარი არ დაუჭირეს", - თქვა ოხანაშვილმა.

 


close დახურვა