logo
ENG



ოჯახების თქმით, ციხეებში კოვიდაფეთქებაა, პატიმრები კი უყურადღებოდ არიან

08 თებ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 

პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდაფეთქებაა და პატიმრებს გაუსაძლის პირობებში, სამედიცინო მომსახურების გარეშე უწევთ ყოფნა.

პატიმრების ოჯახის წევრები ფორმულას გუშინ დაუკავშირდნენ. მათი თქმით, თავისუფლებააღკვეთილებს უკვე რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურა აქვთ, თუმცა მათ კორონავირუსის სწრაფ ან pcr ტესტებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ. მათ არც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ფორმულას ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომებით მრავალი პაციენტია გლდანის, ქსნისა და გეგუთის ციხეებში. 

„პარასკევს დამირეკა და მითხრა, რომ ცუდად იყო და სიცხე ჰქონდა, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ იმ დღეს ექიმი უნდა შესულიყო. დამირეკა და მითხრა რომ არავინ შესულა და იყო ძალიან ცუდად, ჰქონდა ტკივილები, სიცხე ჰქონდა მაღალი, წამლებიც არ ჰქონდა და რაც ჰქონდა ის სიცხეს ქვემოთ არ უწევდა, ექიმიც არ შედიოდა და რაც მთავარია, როგორც თვითონ ამბობს, მის ოთახში ყველა ადამიანი ცუდად არის და არანაირი რეაგირება ადმინისტრაციისგან არ არის.“ - აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრი ფორმულასთან ინტერვიუში.

პატიმრები ოჯახის წევრებს უყვებიან, რომ ზოგიერთ მათგანი ერთ საკანში იმ არავაქცინირებულ პატიმრებთან ერთადაა, ვისაც მაღალი ტემპერატურა აქვს და მოთხოვნის მიუხედავად მათი საავადმყოფოში გადაყვანა ან იზოლირება არ ხდება.

ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი, საბა კოჭლამაზიშვილიც ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სიმპტომებიანი პაციენტებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. ადვოკატის თქმით, N8 დაწესებულებაში მძიმე ვითარებაა. სიმპტომიანი პატიმრების ნაწილი იზოლირებულია, თუმცა ის ვარაუდობს, რომ დაწესებულება გადატვირთულია და ყველა სიმპტომებიანი პატიმრის იზოლაცია ვერ ხერხდება. შესაბამისად ბევრ ისეთ ადამიანს ვისაც მაღალი ტემპერატურა აქვს, საკანში ტოვებენ და სახელმწიფო ფაქტობრივად რისკავს მათ ჯანმრთელობას.

ფორმულამ უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს პატიმრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისთვის, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.


close დახურვა