logo
ENG



ო’ბრაიენი: ჩვენი საქმეა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს, მიიღონ იარაღი, რომელიც ხალხს კლავს

28 ივნ 202317:17
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ მათი მიზანია, რუს სამხედროებს ხელი შეუშალონ იმ იარაღების მიღებაში, რომელიც უკრაინაში ადამიანებს კლავს. მან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ელექტრონულ მოწყობილობებზე.

"ჩვენი საქმეა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს, მიიღონ ის იარაღი, რომელიც კლავს ხალხს და საშუალებას აძლევს, გააგრძელონ ეს უკანონო შეჭრა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და აშშ გაერთიანდნენ, რომ განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობების შეზღუდვას, რომელიც ბრძოლის ველზე გამოიყენება.

ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან მიმართულია სწორედ ამ ტიპის ელექტრონული მოწყობილობებისკენ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არ ვცდილობთ, შევაჩეროთ მთელი ბიზნესი და ყველა ტიპის ვაჭრობა, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებ-პროდუქტებზე, სასუქზე, ფართო მოხმარების საქონელზე, ჩვენ ვაქეზებთ მის მოხვედრას გლობალურ ბაზარზე. ამ ვაჭრობის გაგრძელების პარალელურად, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ საქონელზე, რაც შეიძლება, ბრძოლის ველზე იყოს გამოყენებული.

თებერვლის ბოლოს, ჩემმა მთავრობამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ელექტრონული ნივთებით ვაჭრობა არალეგალურად გამოაცხადა, ამის შემდეგ ვნახეთ, რომ შეიცვალა ვაჭრობის დინამიკა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ვხედავთ საქართველოში, რომ სისტემა არსებობს და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ მან ეფექტურად იმუშაოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა ვაჭრობის დინამიკა", - განაცხადა მან.

ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი.


close დახურვა