ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც პავილიონისმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერ შეძლებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
მან საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეც მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ტრანსატლანტიკურ ოჯახში ბევრი მეგობარი ჰყავს.
"ჩვენ გვინდა თქვენი თავისუფლება, თქვენი კონსტიტუციური ღირებულებები იყოს დაცული და კონსოლიდირებული ტრანსატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დაიმკვიდროთ ადგილი ჩვენს შორის, მაგრამ ამისთვის უნდა აჩვენოთ მზაობა.
მე ვმონაწილეობდი ჩემი ქვეყნის წევრობისთვის მოლაპარაკებებში, კოპენჰაგენის დემოკრატიის კრიტერიუმების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანი იყო მაშინ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა. მსოფლიოში დემოკრატია მცირდება. დემოკრატია დარტყმის ქვეშაა ყველგან, ვაშინგტონის ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია ხდება უდიდესი დედაქალაქების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ცენტრი.
ასე რომ, ვასრულებ ჩემს ვიზიტს, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, სხვებიც ჩამოვლენ და კონცენტრირდებიან დემოკრატიაზე საქართველოში. იმიტომ, რომ დემოკრატიის, სხვების აზრის პატივისცემის, ოპოზიციასთან მუშაობის გარეშე, მათი ხმების მოსმენის და უფლებების დაცვის გარეშე თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები", - განაცხადა ლიეტუველმა პოლიტიკოსმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტის შემდეგ ქვეყანას სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც ეწვევიან და "შეუერთდებიან ამ კოალიციას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში".
"იმედი მაქვს, რომ მთავრობა გამოიჩენს დიალოგის კეთილ ნებას, დაპირისპირების და რეპრესიების ნაცვლად. მარჯვენა და მარცხენა უნდა შეთანხმდეს ტრანსატლანტიკური მიზნებისთვის. ეს ერთადერთი გზაა. თქვენ ვერასდროს გახდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები მხოლოდ ერთი პარტიით. ეს არ არის დემოკრატია", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველ პარტიას. შეხვედრების შემდეგ პავილიონისმა არა ერთი მწვავე განცხადება გააკეთა. მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის, აუცილებელია ხელისუფლება ოპოზიციიასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და კონსენსუსს მიაღწიოს. პოლიტიკოსმა ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებაც დაგმო.
