logo
ENG



პანდემიის დროს უკიდურეს გაჭირვებაში 4410 ოჯახი აღმოჩნდა - მათ სოცდახმარებაც მოუხსნეს

30 მაი 202019:49
3 წუთის საკითხავი
 

ოფიციალურად ცნობილია, რომ პანდემიის დროს - 3 თვის განმავლობაში  დახმარება ოთხი ათასზე  მეტ ოჯახს  მოუხსნეს. სახელმწიფოს პასუხი კი მუდამ ერთი შინაარსისაა და შაბლონური - რომ სოციალურმა აგენტებმა შეისწავლეს  საქმე და ქულების არასკმარისი რაოდენობის გამო, სამართლიანად შეუჩერდათ ადამიანებს დახმარება.

იმ დროს, როცა მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც პანდემიას და მისგან გამოწვეულ სიდუხჭირეს ებრძოდა, მთავრობამ კი ერთ-ერთ პრიორიტეტად გაჭირვებულებზე ზრუნვა დაასახელა, 58 წლის სოციალურად დაუცველ ნაირა კობიაშვილს 40-ლარიანი დახმარება მოუხნეს. რატომ დატოვეს ერთადერთი შემოსავლის გარეშე მარტოხელა ქალი, პასუხი დღემდე არ იცის. სამთვიან კარანტინს და შიმშილს მეზობლების დახმარებით გაუმკლავდა. 

მსგავს მდგომარეობაში კიდევ არაერთი მოქალაქეა. შიმშილსა და უკიდურეს გაჭირვებასთან მარტო პანდემიის დროს 4410 ოჯახი აღმოჩნდა, ყველა მათგანს სოციალური დახმარება იმ თვეებში შეუჩერეს, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძოდა, მთავრობა ხალხის დახმარებაზე საუბრობდა, სხვადასხვა ფონდი მილიონებით ივსებოდა, მაგრამ ათასობით ადამიანი საარსებო მინიმიმუმის გარეშე მაინც დარჩა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 308 784 სოციალურად დაუცველი ოჯახია. საარსებო შემწეობის მიმღები კი მხოლოდ 136 194 ოჯახი. ვიდრე ხელისუფლება სოციალურად დაუცველი ფენის დასახმარებლად გეგმებს ამუშავებს, შემწეობის გარეშე დარჩენილი ათასობით ოჯახის ხმა, რომლებიც, პრაქტიკულად,  შიმშილობისთვის გაწირეს, ადრესატამდე ვერ აღწევს. 


close დახურვა