ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის პიკს მიაღწიეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანა მალე შეზღუდვების შემსუბუქების პროცესს დაიწყებს. მანამდე კი, პედრო სანჩესმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 26-ს აპრილამდე გახანგრძლივება სთხოვა.
თვის ბოლოდან კარანტინის ზომების შემსუბუქებას გეგმავს იტალიაც. განცხადება პანდემიის პერიოდში პირველ ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ერთ დღეში იტალიაში 2 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეზღუდვების მოხსნას იწყებს ჩეხეთიც. დღეიდან ქვეყანაში გარკვეული მაღაზიები გაიხსნება, 14 აპრილიდან კი მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყნის დატოვებაც შეეძლებათ.
მკაცრი ზომები ჯერჯერობით ძალაში რჩება ბრიტანეთში, სადაც ვირუსს ბოლო 24 საათში 938 ადამიანი ემსხვერპლა. შედარებით გაუმჯობესდა პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მდგომარეობაც, თუმცა ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ერთ დღეში ათასით, დაღუპულთა რიცხვმა კი, 13-ით მოიმატა.