logo
ENG



პაპუაშვილი: NGO-ები ოპოზიციასთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიას აღვივებენ

03 აგვ 202215:28
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: NGO-ები ოპოზიციასთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიას აღვივებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცნობები, იმის შესახებ, რომ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება და ქვეყანაში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მზარდია, სიცრუეა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევა ნაწილია ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული იმ კამპანიისა, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული და დასავლეთს სცილდება. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წამოწყებულ კამპანიას, რომელიც ყალბი აღქმების შექმნას ემსახურება, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მაგალითად ენერგოდამოკიდებულების კუთხით ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით რუსეთზე ნაკლებადაა დამოკიდებული. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, დამოკიდებულების ზრდაზე საუბარი ზედმეტია.

„საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ საქართველო შეიძლება სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანა არის. ენერგეტიკის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე, ასევე იცით, რომ ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან და დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს რუსეთთან, საერთოდ რაზე არის საუბარი?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ჩამომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი არ გაზრდილა.

პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულების წახალისებაში დაადანაშაულა.  

„იცით, რომ არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზასთან დაკავშირებით - ბოლო წლებთან შედარებით არაფერი შეცვლილა.  2020-2021 წლებთან შედარება რომ ხდება, ეს არარელევანტურია, იმიტომ რომ პანდემია იყო მაგ დროს და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და უფრო მეტიც. ეს ჰომ არაა ახალი? მარტშიც იყო ასეთი კამპანია და ვნახეთ სადამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში. გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე რუს მოქალაქეს ვიღაცამ ქვა ესროლა.

აი ამ ქსენოფობიას ახალისებს ეს კამპანია და მე მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართული არის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია - აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს. მითუმეტეს რომ ძალიან კარგად იციან, კვლევებიც არსებობს, თუ მაგალითად ვსაუბრობთ რუსეთის მოქალაქეებზე, რა ჯგუფები შემოდის ჩვენთან. ეს ძირითადად ახალგაზრდები არიან, ვისაც აქვთ კარგი შემოსავლები” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთიდან საქართველოში კარგი შემოსავლის მქონე IT-ს, კულტურისა და მენეჯმენტის სფეროში დასაქმებული ახალგაზრდები შემოდიან, ვინც საშუალო ფენას წარმოადგენს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანებმა რუსეთი იმიტომ დატოვეს, რომ „სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება რომელიც ამ ქვეყანაში [საქართველოში] არის“.

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ დღეს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს.

 

close დახურვა