logo
ENG



პაპუაშვილი: არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს

01 ნოე 202312:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/fvkgxvkwzajzt9p.jpg

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ირაკლი ბერაია არ გადადგება და არც არავინ აპირებს". ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი წამოჭრეს. სხდომაზე ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

"ბატონო იაგო, თქვენს გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს, მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე", - ამ სიტყვებით მიმართა შალვა პაპუაშვილმა გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას. 

31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". 

გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.


close დახურვა